English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ რეზო მანველიძესალომე ჯაფარიძე
საზღვაო-სატრანსპორტო კლასტერების ფორმირება საქართველოში

PDF ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

 

ეკონომიკური გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი სულ უფრო მასშტაბურად განსაზღვრავს სხვადასხვა ქვეყნის, დარგისა და სფეროს სამეწარმეო საქმიანობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს. აღნიშნული უპირველესად ვლინდება შიდა და გარე ურთიერთობებში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის დაჩქარებაში, სამეწარმეო სუბიექტების ორგანიზაციული და სტრუქტურული მოწყობის ახლებური მოდელების შემუშავებაში.

საერთაშორისო გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის აქტუალობა განსაკუთრებით გამძლავრდა მსოფლიო პრობლემის - პანდემიის ფონზე, როცა კოვიდ-19-მა გამოიწვია ეკონომიკის მასშტაბური და ყოვლისმომცვლელი შეფერხება და წინა პლანზე წამოწია ადგილობრივი სარესურსო პოტენციალის უპირატესი გამოყენება, ცვლილებები საქონლისა და მომსახურების ნაკადების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში.

ბუნებრივია ამ პროცესებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ეკონომიკის ყველა სფერო, მათ შორის სატრანსპორტო სისტემა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.

ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, გლობალურ ეკონომიკაში ჩართულობის მზარდი ინტერესები, სამამულო და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების დინამიკა, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა, სავაჭრო-სოციალური კავშირების გაფართოების შესაძლებლობები საზღვაო, სარკინიგზო, სახმელეთო, საჰაერო და მილსადენის სატრანსპორტო საშუალებებით მასშტაბურ საფუძველს უქმნის მეცნიერებას, მ.შ. ეკონომიკურ მეცნიერებას.

კვლევის ერთ-ერთი მიმართულებაა კლასტერების შექმნის წინაპირობების, ფორმირებების, ორგანიზებისა და სტრუქტურის შესწავლა დარგობრივ და რეგიონულ ჭრილში. ჩვენი აზრით კლასტერი წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ სუბიექტებს აძლევს საერთო მიზნებისა და ხედვების განხორციელების შესაძლებლობას; კერძო და სახელმწიფო, სამეცნიერო და პრაქტიკული რესურსების გამოყენებით მათ ეძლევათ შესაძლებლობა მიაწოდონ საქმიანობის ოპტიმალურ ნიშნულს, გადალახონ შიდა და გარე წინააღმდეგობები, დანერგონ ინოვაციური ტექნოლოგიები და მოდელები.

მიგვაჩნია, რომ სწორედ საზღვაო-სატრანსპორტო კლასტერის ფორმირება აამაღლებს კონკურენტუნარიანობას და საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო ტვირთბრუნვაში, ურთიერთსარგებლიანობის პრინციპით დააკავშირებს ის ამ პროცესში ჩართულ და დაინტერესებულ სფეროებს, გაზრდის ინვესტიციების მოზიდვისა და ეფექტიანი მართვის, უცხოური გამოცდილების დანერგვის შესაძლებლობებს. 

კლასტერი უზრუნველყოფს სატრანსპორტო სფეროების კოორდინირებულ ფუნქციონირებას, მათ მოდერნიზაციას და საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენს მიერ შემუშავებული საზღვაო-სატრანსპორტო კლასტერის ფორმირების კონცეფცია პირველ რიგში გულისხმობს ბათუმის პორტთან, მის ტერმინალებთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სუბიექტების არაფორმალურ და ნებაყოფლობით გაერთიანებას. მისი მიზანია სატრანსპორტო ნაკადების მართვაში ჩართული სუბიექტების პოტენციალის ინტეგრაცია და ოპტიმალური გამოყენება, ეფექტური ფუნქციონირება, პროცესების ოპტიმალური მართვა, კავშირურთიერთობების გაფართოება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

კონცეფციაში ჩამოვაყალიბეთ მოსაზრებები და წინადადებები სახელმწიფო და ბიზნესსუბიექტების მიმართ, რომლებიც ითვალისწიენებს საზღვაო-სატრანსპორტო კლასტერის ფორმირების წინაპირობას, ორგანიზაციული სტრუქტურის, მასში ჩართული სუბიექტების (მოთამაშეების), სამართლებრივი და საკანონმდებლო ბაზის, მართვის მექანიზმების შემუშავების მიმართულებებს. 

საკვანძო სიტყვები: კლასტერი, სატრანსპორტო სისტემა, ჰაბი, ინფრასტრუქტურა, სატრანზიტო დერეფანი, გლობალიზაცია.

Jel Codes: L91, O18, R40, R41.